ექსკლუზივი: ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
“პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჯუანშერ ბურჭულაძესთან - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ მისი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების და გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.
მისი თქმით, ექსპრემიერთან კონსულტაცია გამართა და ღარიბაშვილი ამ საქმით დაინტერესდა.
„პირველებთან“ ინტერვიუში ბურჭულაძე არც იმას უარყოფს, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხა და გამომძიებლებმა კითხვები, მათ შორის ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც, დაუსვეს.
ექს მინისტრი ადასტურებს იმასც, რომ მისი უწყების მაღლჩინოსნების დაკავების და გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.
"ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, შევხვდი, ამ თემასთან დაკავშირებით აინტრერესებდა, მე რა ინფორმაცია მქონდა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ან მე, ან ყოფილ პრემიერს გვეხებოდეს", - თქვა მან.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ წინა კვირას წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.