ეს არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის ტრადიციით - ალბათ „მონანიება“ გაგვახსენა ამ გადაწყვეტილებამ - სამადაშვილი დათაშვილზე
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების გადაწყვეტილებამ ფილმი „მონანიება“ გაახსენა.
სამადაშვილის თქმით, წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი „საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე“.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ეს არის "ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით".
„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით. ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .
ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.
უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.