სისხლით დავიჭერო საჯაროდ შემპირდა დგებუაძე - სამწუხაროდ, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა - მზია ამაღლობელი

04.08.25 14:15
სისხლით დავიჭერო საჯაროდ შემპირდა დგებუაძე - სამწუხაროდ, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა - მზია ამაღლობელი

"მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან..."- ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა. 

დაპატიმრებული ჟურნალისტი ამბობს, რომ კანონში არსებობს მისი ქმედების, სილის გაწვნის პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი. 

ამასთან, მედია მენეჯერმა ბათუმის პოლიციის უფროსის მუქარა გაიხსენა და თქვა, რომ პროკურატურა ირაკლი დგებუაძის სამსახურში ჩადგა: 

„ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის, მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც განვმეორდები, მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან...

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, და მგონია, კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნის პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი.

მახსოვს, ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა, დაახლოებით, ასეთი კითხვა დამისვა, ჩემი ბრალდების კავლიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, მითხარით, რომელი მუხლი გერდგებათო. ამას მეკითხება ბრალდება მაშინ, როცა ისე მოიტანა სასამართლოში ეს საქმე, ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, არ აინტერესებდათ ჩემი აზრი. 

დარმწუნებული ვარ, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებული გამოძიება რომ ჩაეტარებინათ და ე.წ. დაზარალებულის გებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.

სისხლით დავიჭერო შემპირდა საჯაროდ დგებუაძე - პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა, სამწუხაროდ. 

თუმცა ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა ჯერი სასამართლოზეა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემს დანაშაულზე, იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება. ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია - ეს განაჩენი არ იქნება მარტო ჩემი სასჯელი, ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორებო, და ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ჟურნალისტის სიტყვას "პუბლიკა" ავრცელებს. 

ასევე ნახეთ:  

მსგავსი სიახლეები