ივანიშვილს მორიგ ჯერზე ამოეწურა მოთმინების ფიალა - შეფასება
"ივანიშვილს მორიგ ჯერზე ამოეწურა მოთმინების ფიალა და გადაწყვიტა, რომ თავისი ამომრჩევლის თვალში ისევ ეს მაგარი ბიჭობანა ითამაშონ," - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საუბრობს და ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირშვილის წერილს ეხმიანება.
თინა ხიდაშელის განცხადებით, "ქართული ოცნება" ჰიპოთეტური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იბრძვის ქვეყანაში, რომელიც რუსულ ჩექმის ქვეშ არის".
რაღაცა პატარა სხივი მათ თავში გაჩნდა, როდესაც ელჩის წარდგინება მოხდა, ეს რაღაც ფოტოს ფრიალი შემთხვევითი არ იყო იმიტომ, რომ ისინი ხომ რაღაც წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ და როგორც ჩანს, მათ წარმოიდგინეს, მართლა დაიჯერეს, რომ ქალბატონი ტალიაშვილის პრეზიდენტ ტრამპთან ფოტოები იყო რამე, გარდა ჩვეულებრივი პროტოკოლური ამბისა.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილს მორიგ ჯერზე ამოეწურა მოთმინების ფიალა და გადაწყვიტა, რომ თავისი ამომრჩევლის თვალში, წინ არჩევნებია განსაკუთრებით და ისევ ეს მაგარი ბიჭობანა ითამაშონ, როდესაც ყველას ებრძვიან და რაღაც ჰიპოთეტური, არარსებული სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იბრძვიან, ქვეყანაში, რომელიც ჩვეულებრივად რუსულ ჩექმის ქვეშ არის," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
"ქართული ოცნებასთან" აფილირებული ზაზა შათირშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტის ინფორმაციით, მმართველი პარტიის დამფუძნებლის მოსაზრებებს ახმოვანებს, ახალ წერილს აქვეყნებს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღიად უპირისპირდება.
"დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება"- წერს ფილოსოფოსი.