ზურაბიშვილის კითხვა კუპრაშვილს: სად მიდის "ოცნების" ჩინოვნიკების მიერ მიტანილი ფული?
ეს {ანტიკორუფციული ბიუროს} მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და სვამს კითხვას, რატომ არ ეძლევა საზოგადოებას ინფორმაცია "ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კორუფციულ სქემების შესახებ".
მესამე პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს - მაღალჩინოსნების მიერ “მიტანილი” თანხები. ზურაბიშვილი ინტერესდება, სად მიდის ეს ფული, რომელიც მისი თქმით, "ბიუჯეტში არ აისახება":
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.”
ეს განცხადება გაკეთდა მამუკა ხაზარაძეს მონიტორინგის დაწყებასთან მიმართებაში.
კი მაგრამ “თითოეულ მოქალაქეს” უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონობის კორუფციულ სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს - კერძოდ მათ მიერ “მიტანილი” თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის.
მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას!
მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ. პირიქით არის: ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება - რუსეთის პროკურატურის დახმარებით - ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე… ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.
სინამდვილეში ოცნება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამითი არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი “მერიის მოგების”. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს.
რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია.
მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რამე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს აწი) არამედ იმისთვის, რომ
შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს.მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც ნაცმოძრაობის და ოცნების გარდა სხვა ძალა გაქრება.
დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის"- წერს ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.