მარია ზახაროვას და ირაკლი კობახიძის იდენტური განცხადებები აგვისტოს ომზე

08.08.25 15:07
მარია ზახაროვას და ირაკლი კობახიძის იდენტური განცხადებები აგვისტოს ომზე

"ქართული ოცნების" პრემიერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნის იდენტური განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომზე - ირაკლი კობახიძემ გუშინ, ომის 17 წლისტავზე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომი „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო „დიფ სთეითის“ დაკვეთით“. დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღნიშნა, რომ "ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია". 

ოფიციალური მოსკოვი, 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "7-დან 8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა ცხინვალს, რუსეთმა კი უპასუხა მშვიდობის იძულების ოპერაციით“.

დღეს სამხრეთ კავკასიაში ტრაგიკული მოვლენების მე-17 წლისთავია. 2008 წლის 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. იმავდროულად, შტურმი მიიტანა შერეული ძალების შემადგენლობაში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოკაციის ადგილებზე. ქართული აგრესიის წინასწარ განზრახული ხასიათი, რომელმაც მრავალი მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან ოსებსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის, მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა ტალიავინის ანგარიშით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოზიტიურად აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს და წერს: 

„ქართული ხელისუფლების მხრიდან ისმის საჯარო აღიარებები მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტის შესახებ, ასევე განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე".

მარია ზახაროვას თანახმად, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.

ოკუპანტ ქვეყანაში გაკეთებული განცხადებები და პუტინის გარემოცვიდან მიღებული ქების შესახებ "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს ჰკითხა. 

„რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთ მარტივ რამეს: ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანის აღდგენის, არის მშვიდობიანი გზა. რა თქმა უნდა ვერავითარ სხვა დოკუმენტზე და შეთანხმებაზე ვერ იქნება საუბარი“,  - თქვა კობახიძემ.

ასევე საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები თბილისმა და მოსკოვმა დღეს 8 აგვისტოს გაავრცელეს.

საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, საქართველოსთვის მძიმე თარიღს 7 აგვისტოს გამოეხმაურნენ. 

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. პარტიის ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მსგავსი სიახლეები