სამარცხვინო განცხადება! - სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

08.08.25 16:23
სამარცხვინო განცხადება! - სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"სამარცხვინო განცხადება, როგორც არ უნდა გძულდეს წინა პრეზიდენტი, არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა,საკუთარი სამშობლო დაადანაშაულო" - ასე გამოეხმაურა სინდისის პატიმარი, ვეფხია კასრაძე საკუთარ სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. 

გუშინ მოვუსმინე პრემიერის სამარცხვინო განცხადებას, რამაც ძალიან შემძრა. როგორც არ უნდა გძულდეს წინა პრეზიდენტი, არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა,საკუთარი სამშობლო დაადანაშაულო…

მე სამაჩაბლოდან ვარ და ჩემზე კარგად არავინ იცის, როდის დაიწყო ომი, როდის დაიგეგმა და როგორ განხორციელდა ეს. საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად არანაირი ომი არ წამოუწყია.  საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ჩაეტარებინა სპეცოპერაცია, რათა გაენეიტრალებინა სიტუაცია. 

7-8 აგვისტოს არ დაწყებულა ცხინვალში, ის დაახლოებით 1 თვით ადრე დაიწყო, როდესაც ოსებმა გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა და დაახლოებით 1-ლი ივლისიდან უკვე დაიწყო მასიური შეტევები სამშვიდობო ჯარებზე და საქართველოს მოსახლეობაზე, რაც შემდეგ გადაიზარდა მასობრივ დაბომბვაში.

მე იქ ვიყავი, იქ ვცხოვრობდი. გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, სახელმწიფოს უკვე ჩვენ, მოსახლეობამ მოვთხოვეთ, რომ მიეღო ზომები და იძულებული გახდა მაშინდელი პრეზიდენტი...

7 აგვისტოს ღამე იყო, როცა მიმართა მშვიდობისკენ, ცეცხლის შეწყვეტისკენ და არ შეწყვიტეს და იძულებული გახდა, რომ სპეცოპერაცია დაეწყო. მერე უკვე რუსეთმა გამოიყენა.. უკვე შემოყვანილი ჰყავდათ ერთი თვით ადრე დაქირავებული ჯარები, დაიწყეს და დაამთავრეს კიდევაც ძალიან ცუდად. 20 % გვაქვს დაკარგული.

ძალიან დიდი მადლობა. აღარ ვუსურვებდი ჩვენს სამშობლოს ასეთ მოღალატე და სამარცხვინო ხელისუფლებას“, - განაცხადა ვეფხია კასრაძემ სასამართლო სხდომაზე. [პუბლიკა]

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. პარტიის ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძემ დღესაც ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა რუსეთის როლზე.

კობახიძემ გუშინ, ომის 17 წლისტავზე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომი „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო „დიფ სთეითის“ დაკვეთით“. დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღნიშნა, რომ "ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია". 

მსგავსი სიახლეები