ეს არ იყო წამოყვირება, კალაძემ ოხანაშვილი და მდინარაძე გასცა - ოპოზიცია ახალ სკანდალზე
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების დაწყებაა აუცილებელი.
- ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა, რაც სუს-ის ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტებთან თბილისის მერს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. მისი თქმით, კახა კალაძე სუს-ის უფროსთან და ასევე მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებაში იმყოფება:
ოხანაშვილი-მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოაყვირა ახლა, რომ აი, იცით რა ჩამოვიყვანეთ, არადა სუს-ის ვერსია აბსოლუტურად სხვა არის.
ეს ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან გასცა ფაქტობრივად ოხანაშვილ-მდინარაძის ვერსია.
ეს ოპერაცია ჩაატარა ГРУ-მ, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც საჩუქარი გაუკეთეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან.
რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს, კალაძემ ფაქტობრივად ეს ყველაფერი გასცა. შესაბამისად სასამართლოს საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა, გენერალურმა მდივანმა ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ივანშვილი მაფიოზურად მოქმედებს და "შეუძლია თავისი ყველა კავშირი გამოიყენოს, როდესაც საქმე ეხება მის კაპიტალს, პირად ინტერესებს".
ივანიშვილი მოქმედებს მაფიოზურად, 90-იანი წლების რუსეთის ტრადიციებში, მზად არის გამოიყენოს ყველა თავისი კავშირი, როდესაც საქმე ეხება მის კაპიტალს, როდესაც საქმე ეხება მის პირად ინტერესებს.
საქართველო დაამსგავსეს კრიმინალური, დეტექტიური სერიალის, თუ ფილმის სცენარს.
ივანიშვილი ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სამაგალითოდ დასაჯოს გიორგი ბაჩიაშვილი, ეს იქნება ყველასთვის მაგალითი," - ამბობს გიორგი სიორიძე.
"კოალიცია ცვლილსებისთვის" წევრის, ნიკა ფარულავას თქმით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურება ერთი ადამიანის ჯიბის ინტერესებს".
უწყება, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, მათ შორის შიდა თუ გარე მტრებისგან დაცვაზე, უნდა ფლობდეს სადაზვერვო ინფორმაციას, უნდა შიფრავდეს აგენტურას და ა.შ. რეალურად ეს უწყება ემსახურება ერთი ადამიანის ჯიბის ინტერესებს.
როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეს და ფინანსებს დასჭირდა, მათ შორის "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით დასტურდება ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანი მოიტაცა სხვა ქვეყნიდან და დანაშაულებრივი სისტემით ჩამოიყვანა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ რუს ოლიგარქს მასთან ჰქონდა პირადი შურისძიება," - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები ბიზნესმენის "გატაცების" და საქართველოში უკანონო გზით ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას რამდენიმე თვეა ითხოვენ.