საქართველოში დაუსჯელობის სინდრომია, მოძალადეებს "ოცნება" ახალისებს - გიორგი შეწირული

13.08.25 13:53
საქართველოში დაუსჯელობის სინდრომია, მოძალადეებს "ოცნება" ახალისებს - გიორგი შეწირული

 

 

"["ტიტუშკების" მხრიდან განხორციელებული თავდასხმის] ყველა დეტალი ხელის გულზეა, თუმცა ამ დრომდე არავინ არ არის დასჯილი" - ამის შესახებ TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წევრი, ოპერატორი გიორგი შეწირული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, მოძალადეებს კი "ქართული ოცნება" ახალისებს: 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, ერთგვარი, დიდი გაფრთხილება უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". ყველა დეტალი ხელის გულზეა, თუმცა ამ დრომდე არავინ არ არის დასჯილი - შეიძლება, ქუჩაში უპრობლემოდ დადიან. 

სამწუხაროა, როცა შენი ქვეყანა ვერ გიცავს და სამართალს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებ. 

ჩვენთან, საქართველოში დაუსჯელობის სინდრომია, "ქართული ოცნება" ყველა მოძალადეს ახალისებს - ჩვენს ადგილზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს და უბრალოდ, მოძალადე არავინ დასაჯოს"- თქვა შეწირულმა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება, რომელიც – “სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება”.

სახდეპი წერს, რომ "მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები განუწყვეტლივ ვრცელდებოდა".

დოკუმენტში ხაზგასმულია ევროინტეგრაციის შეჩერების შემდგომი დემონსტრაციებისას "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტი.

ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ  ხაზი გაესვა ე.წ. ტიტუშკების კოორდინაციას ხელისუფლებასთან.

მსგავსი სიახლეები