"არაფერს გამოვრიცხავ" - მდინარაძე ეფ ეს ბეს ბრალდებებზე
"ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ რუსული სპეცსამსახური ნამდვილ ინფორმაციას ავრცელებდეს და საქართველოს საზღვარზე ბომბიანი ავტომობილი ნამდვილად გაეპარათ. მისი თქმით, არცერთი ვერსია გამორიცხული არ არის.
არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. თუმცა, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მსგავის შემთხვევა ადრეც იყო, რამდენად დადასტურდება ან არ დადასტურდება, ეს მეორე საკითხია, - ამბობს მდინარაძე.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა“ - ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქება აღკვეთეს.
უწყების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო Chevrolet Volt-ის ავტომობილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს გავლით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით შევიდა რუსეთში. ФСБ-ის განცხადებით, ავტომობილი კრასნოდარის მხარეში უნდა გადაეტანათ კერძო გადამზიდავის მეშვეობით.
რუსეთის ამ ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა და შსსამინისტროები.