გეგელია: „ოცნების“ მიზანია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და პრორუსულ ჭაობში ჩათრევა

20.08.25 13:42
გეგელია: „ოცნების“ მიზანია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და პრორუსულ ჭაობში ჩათრევა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ევროსაბჭოს 51 დეპუტატის საგანგაშო განცხადებას საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ევროპული მომავალი არ აინტერესებს.

პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების ერთადერთი მიზანი საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და პრორუსულ ჭაობში ჩათრევაა, მაშინ, როცა საზოგადოება არჩევანს ევროპულ განვითარებაზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე აკეთებს. 

მინდა, გამოვეხმაურო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის საერთო საგანგაშო განცხადებას, რომელსაც პირველად ისტორიაში მოუწოდებს არა მარტო საპარლამენტო ასამბლეას, არამედ მინისტრთა კომიტეტს, გადახედოს საქართველოს წევრობის საკითხს, რადგან ის დედლაინი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილისთვის მისცა "ოცნების" რეჟიმს, რომელსაც უნდა გაეტარებინა შესაბამისი რეფორმები და უნდა ჩაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, გავიდა ისე, რომ "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს მიზანმიმართულად არაფერი გაუკეთებია პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. 

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს 51 ადამიანი აერთიანებს 4 სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახს და წარმოადგენს 24 სხვადასხვა წევრს სახელმწიფოს. შესაბამისად, მათ განცხადებას გააჩნია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა. ნაცვლად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები და მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ მის მიზნებს და ინტერესებს წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, როგორც წერილი ამბობს, სიტუაცია დრამატულად გაუარესდა: მოხდა პოლიტიკური ლიდერების დევნა და დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და ჩვენს მედიაზე თავდასხმა, რაც, რასაკვირველია, არწმუნებს მსოფლიოს იმაში, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება, ჩვენი გარიცხვა იმ უწყებებიდან, იმ ინსტიტუტებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ ისტორიულად და რა თქმა უნდა, ხელის შეშლა იმისთვის, რომ არ შევიდეთ ახალ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. როგორც წერილი ძალიან სამართლიანად ღნიშნავს, ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. 

ეს უნდა იყოს განგაშ ზარი ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე პროევროპელი დემოკრატი მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიოდ, რომ "ოცნება" არ ასრულებს არცერთ იმ საკვანძო დაპირებას, და მე ვიტყოდი, დავალებას, რაც მას გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება. გადის აგვისტოც და ჩვენ ვხედავთ, რომ არც ის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დედლაინი, რომელიც ევროპული კავშირის ამ მხრიდან არის მიღებული, არ არის შესრულებული, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს არავითარ ევროპულ ინტეგრაციას, არ აპირებს ინსტიტუტების განვითარებას, არ აპირებს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას, არამედ აპირებს, რომ ჩვენი სახელმწიფოსგან შექმნას პრორუსული ნაცრისფერი ჭაობი, რომელიც იქნება კორუმპირებული, ოლიგარქიული, არადემოკრატიული, არა უფლებებზე დაფუძნებული, არამედ ნასცროსფერი რუსული სტილის კორუმპირებული და უპერსპექტივო ჭაობი. ეს არის ის მომავალი, რაც "ოცნების" რეჟიმს სურს თქვენთვის. მაგრამ ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს თქვენთვის, არის განვითარებაზე, ადამიანზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, თქვენი და თქვენი შვილების უფლებებზე და თქვენს მომავალზე ორიენტირებული მომავალი და ეს მომავალი გულისხმობს არა მარტო ევროსაბჭოს წიაღში ყოფნას, არამედ ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას, რეალურ მშვიდობას და რეალურ უსაფრთხოებას.

ამიტომაც, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა მავნებელი რუსი ქოცებისგან და გიწვევთ თითოეულ ქართველს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის სახადი, რომელიც საქართველომ უნდა მოიხადოს ერთხელ და სამუდამოდ იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, მისი ქალაქები, მისი სოფლები და დავუბრუნოთ ეს ქვეყანა საკუთარ ისტორიულ ევროპულ გეზს!, - განაცხადა გეგელიამ. 

 საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი 24 ქვეყნიდან საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვას ითხოვს. მათ კომიტეტს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს. 

  • დეპუტატები ავრცელებენ წერილობით დეკლარაციას -  “ავტოკრატიული უკუსვლა საქართველოში”, სადაც ავტოკრატიის მტკიცებულებად დასახელებულია ოპოზიციის განადგურების კამპანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და პოლიტიკური პატიმრობები/დევნები.

 კიდევ რა წერია დეკლარაციაში ვრცლდა ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები