აშშ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს
გაეროში მომხდარ ფაქტზე ოპოზიცია ივანიშვილის გუნდის პასუხიმგებლობას ხედავს. ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს მხარდამჭერი საერთაშორისო განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გამოქვეყნდა.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ საკუტარი ქმედებებით ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში დატოვა და ახლა რუსეთი ამ მომენტით სარგებლობს.
როდესაც ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი მთავარი სატრატეგიული მოკავშირე იყო გასული ათწლეულების მანძილზე დღეს უკვე აღარ არის დარწმუნებული, მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა იმ რეზოლუციებს, რომელიც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ამის პარალელურად, რუსეთის წარმომადგენელი ზუსტად "ქართული ოცნების" გზავნილებით საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ოღონდ, ამასთან ერთად, რუსეთი უკვე ღიად და მერამდენედ ითხოვს, რომ შემდეგი, რაც უნდა შეასრულოს რუსულმა რეჟიმმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს, ეს არის, ფაქტობრივად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. როგორც ჩანს, რუსეთი უკვე სარგებლობს რა იმ ვითარებით, რომ საქართველო ივანიშვილმა დატოვა აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში, აპირებს, რომ სერიოზულად დასვას დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ივანიშვილის რეჟიმის მიერ, - ამბობს სამადაშვილი.
მომხდარში "ოცნების" პასუხისმგებლობას ხედავს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდიაც. მისი თქმით, "ოცნების" დამოკიდებულება და დუმილი რუსი დიპლომატის განცხადებაზე ცხადყოფს, რისთვის სჭირდებოდათ მათ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია.
პირველად 17 წლის მანძილზე გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომტან დაკავშირებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არ უერთდება აშშ, რომელთანაც ივანიშვილმა მოშალა სტრატეგიული პარტნიორობა, დაუპირისპირდა მას, დააბრალა ომის დაწყება და ათასგვარი უბედურება მაშინ, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი ღიად ტაშს უკრავს "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას და დამატებით ითხოვს მისგან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, რაზეც, რა თქმა უნდა, მაკა ბოჭორიშვილის უწყება დუმს ისევე, როგორც შალვა პაპუაშვილი, რომელსაც პასტას ვერ გააგდებენ დასავლეთის წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რისთვის სჭირდებოდათ მათ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია, - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე ევროკავშირისა და რუსეთის გზავნილებს შორის პარალელს ავლებს და "ოცნებას" რუსი დიპომატის განცხადებაზე პასუხის არგაცემის გამო აკრიტიკებს.
დასავლეთიდან კრიტიკა რაზე მოდის? რომ კაცი არ გალახო, არ დაჩაგრო, სასამართლოში გადაწყვეტილება წინასწარ არ დაწერო, არჩევნები არ გააყალბო, ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყანა არ მოაწყო. და იქიდან მოდის, რომ აფხაზეთი აღიარე, სამხრეთ ოსეთი აღიარე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შეთანხმებაზე იმუშავე, შენ შეუმდგარი სახელმწიფო ხარ. ამას არ პასუხობენ და ევროპელებს "ეშპილკავებიან", ასე ჰქვია ამას, - ამბობს ლევან სანიკიძე.
პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი არ მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებებს გმობს. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს აწერენ მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი.
პარალელურად, "ქართულ ოცნებას" გაეროდან რუსი დიპლომატი აქებს. დმიტრი პოლიანსკი ორმხრივი კავშირების აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების ახალ ეტაპზე გადაყვანას ითხოვს.