სააკაშვილის პირადი ექიმი მსჯავრდებულთან არ შეუშვეს

11.10.21 18:15
სააკაშვილის პირადი ექიმი მსჯავრდებულთან არ შეუშვეს

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში  მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მსჯავრდებულის სანახავად არ შეუშვეს.

მედიკოსს უთხრეს, რომ საშვს ვადა გაუვიდა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მას ახალი საშვის მიღების თხოვნით განცხადება დააწერინა, რომელსაც მომავალში განიხილავენ.

მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი, პირველ რიგში, მინდოდა პრეზიდენტისა და ციხის ექიმის ნახვაც. ციხის ადმინისტრაციაში განმიცხადეს, რომ ჩემს საშვს ვადა გაუვიდა. ამიტომ უნდა დავწერო განცხადება, მერე იმ განცხადებას განიხილავენ, ამის მიხედვით განიხილავენ, მომცემენ თუ არა ახალ საშვს - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. 

არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვენ, ჟურნალისტებს, ვუსმენდი მათ, ვინც იყო შესული. სააკაშვილთან უნდა მელაპარაკა მისი მდგომარეობის შესახებ, ექიმი მის პაციენტს მუდმივად აკვირდება, როგორ უმკურნალოს, რა გააკეთოს- აცხადებს სააკაშვილის მკურნალი ექიმი.

ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

მსგავსი სიახლეები