ბოტკოველი: რაზმაძის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ ნამდვილად ოპოზიციად წარმოჩინდნენ

22.08.25 12:10
ბოტკოველი: რაზმაძის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ ნამდვილად ოპოზიციად წარმოჩინდნენ

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი, იმპიჩმენტისთვის კი აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ წარმოჩინდნენ ნამდვილად ოპოზიციად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის განცხადებით, საზოგადოებამ შეაფასა „ის სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, რაც არავის არ გაჰკვირვებია“.

მისი არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში და იმ პოზიციაში, რა პოზიციაც გააჩნია ზოგადად დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას. მან გააჟღერა „ოცნების“ ის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვისმენთ და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს ივანიშვილისას და ეს არის მათი რეალური სახე.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ჩვენ გუშინვე დავიწყეთ აღნიშნული პროცედურა, სადაც ჩვენ გვყავს 9 საკრებულოს წევრი, აღნიშნულ საკითხს სჭირდება 12 ხმა. რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე მეორე დღეა ველოდებით „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს, პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თითქოს ჩვენ დავაბრალეთ, რომ მათ უარი განაცხადეს და მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს, მაგრამ საღამოს ეს ადამიანები დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელი დოკუმენტიც რეალურად საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის განსახორციელებლად.

ამიტომ მათ კიდევ აქვთ დრო და თუ ვინმესთან სურთ წარმოჩინდნენ ოპოზიციურ პარტიად დროზე მოახდინონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან დროულად დავიწყოთ პროცედურები“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.

 

მსგავსი სიახლეები