ცუცქირიძე ჩერგოლეიშვილზე: ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ უნდა დააზიანოს
„თავისუფლების მოედნის“ მთავარი მიზანია წინააღმდეგობის გაძლიერება, „ქართული ოცნების“ ძალაუფლების დასრულება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა", - ამის შესახებ ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ბრძოლა კონკრეტულ პარტიებსა თუ ლიდერებზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ერთიან, თვითორგანიზებულ ერთობებზე. პოლიტიკოსი მიუღებლად მიიჩნევს თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელ ქმედებას და ხაზს უსვამს, რომ ერთი პირის შეცდომამ საერთო წინააღმდეგობა არ უნდა დააზიანოს.
“თავისუფლების მოედნის” მთავარი ამოცანა წინააღმდეგობის გაძლიერება, მიტაცებული ძალაუფლებიდან "ოცნების" ჩამოცილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა. როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე იქნება მიმართული. ვფიქრობ, ამაში ჩვენ მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილის შეტანა შეგვიძლია.
რა გვაერთიანებს დანარჩენ შვიდ პარტიასთან? ამაზე პასუხი მარტივი და ნათელია: ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ რუსული ჰიბრიდული ომის “არჩევნებად” წოდებულ ოპერაციაში. ჩვენ არც საარჩევნო კოალიციაში ვართ და არც რაიმე ერთ პოლიტიკური გაერთიანებაში მათთან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს - რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს.
ცხადია, ჩემთვის მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი საქციელი, - წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.
აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.