„ოცნება“ ისევ ამტკიცებს, რომ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლით შანტაჟს ცდილობს
ევროკომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის ფონზე, "ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ევროპელი ლიდერები უვიზო მიმოსვლის შეჩერების თემით მანიპულირებენ, რადგან საქართველოში არეულობა სურთ.
გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ევროპელები უსამართლოდ იქცევიან და "ოცნებას" ყველა მათ მოთხოვნაზე არგუმენტირებული პასუხები აქვს. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ "სანქცია არ იქნება".
უვიზო მიმოსვლის შეჩერების თემა, ეს არის წამოწეული იმიტომ, რომ ხალხი, საზოგადოება გაბრაზდეს, გამოვიდეს ქუჩაში, სისხლი დაღვაროს და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტული ხელისუფლება და ამას ყველაფერს, ევრობიუროკრატია უდგას სათავეში. ეს უსამართლო მიდგომაა. ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტირებული პასუხი არანაირად არ შეიძლება იქნას განხილული ლგბტ პროპაგანდის აღკვეთა. შედეგს რასაც მივიღებთ ამ განხილვების შემდეგ, უნდა განვიხილოთ მხოლოდ ერთი რაკურსით: საქართველოსთვის რომელი თემაა პრიორიტეტული - გადარჩენის თემა თუ ევრობიუროკრატიისთვის მხარის მოგრეხვის და ცალ ფეხზე დადგომის თემა. არ ველოდებით სანქციას, - ამბობს ვოლსკი.
უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას შანტაჟის ინსტრუმენტად აფასებს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი თორნიკე ჭეიშვილი.
ეს თარიღი, 31 აგვისტო, არის ევრობიუროკრატების მიერ აბსოლუტურად ხელოვნურად მოფიქრებული ვადა, თარიღი. კარს არის მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია ცდილობს, იმისთვის, რომ ხელოვნურად დაძაბოს გარემო, მოუმატოს დუღილის ტემპერატურას და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. სწორედ ამიტომ დაშიფრეს მათ ამ თარიღის შემოტანა დღის წესრიგში.
მეორეს მხრივ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველლოს ხელისუფლებამ მოამზადა, როგორც პარლამენტში დამუშავდა ეს დოკუმენტი, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიიღო მან საბოლოო სახე, შესაბამისი ანგარიში, სადაც არის ასახული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მიერ დაფიქსირდა ამ პერიოდში. საქართველო, ამ შემთხვევაში, არის მოწოდების სიმაღლეზე, - ამბობს თორნიკე ჭეიშვილი.
ევროპელი ლიდერები არაფორმალური შეკრებისთვის ემზადებიან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ხვალ, დანიაშია დაგეგმილი.
ოფიციალურად საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ აქვთ, მაგრამ არის მოლოდინი, რომ საუბარი ჩვენს ქვეყანასაც შეეხება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა კვირას, 31აგვისტოს იწურება. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.
შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგი.