გეგელია: „ქართულ ოცნებას“ ყველგან კონსპირაციული თეორიები ელანდება
"ქართულ ოცნებას" ყველგან კონსპირაციული თეორიები და გამოგონილი საფრთხეები ელანდება, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ანი ქავთარაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. მისი თქმით, სარფის საზღვარზე ქავთარაძისთვის 19 ათასი დოლარის ჩამორთმევის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რამდენად დაშინებულია ხელისუფლება და როგორ ცდილობს ოპოზიციის ნებისმიერ ქმედებაში „გამოგონილი საფრთხის“ დანახვას.
ეს არის "ქართული ოცნების" დაშინებული რეჟიმის ძალიან კარგი გამოხატულება. მათ ელანდებათ კოსნპირაციული თეორიები და გამოგონილი საფრთხეები ყველგან. ეს მაგალითიც ძალიან მკაფიოდ ადასტურებს, როგორი დაშინებულია ეს რეჟიმი და როგორ ცდილობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხარეს დაინახოს მხოლოდ საფრთხე და რაღაც კონსპირაციულლი უბედურება მაშინაც, როდესაც ადამიანი უბრალოდ, მანქანის ყიდვას ცდილობს. ამიტომ, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, თუ რა ახლოს ვართ ყველანი გამარჯვებასთან, თუ რამდენად დამფრთხალია ეს რეჟიმი და რამდენად საკუთარი მითოლოგიის მსხვერპლად არის ქცეული ის, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს სარფის საზღვარზე 19 ათასი დოლარი ჩამოართვეს. ანი ქავთარაძეს დაუდეკლარირებელი თანხის შემოტანას ედავებიან.
სამთავრობო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ პარტია "ახლების" წევრს ეს თანხა არეულობის მოსაწყობად და ოპოზიციური აქტივობებისთვის სჭირდებოდა, თუმცა სულ სხვა რეალობაზე საუბრობს პოლიტიკოსის ოჯახი.