„ღალატის კომისია“ - ოპოზიცია თვლის, რომ 2008 წლის ომზე წულუკიანის დასკვნა პუტინის სასარგებლოდ დაიწერება

01.09.25 16:04
„ღალატის კომისია“ - ოპოზიცია თვლის, რომ 2008 წლის ომზე წულუკიანის დასკვნა პუტინის სასარგებლოდ დაიწერება

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის დასკვნა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ იმთავითვე კომისიის მიზანი იყო, რომ საქართველო ომის დაწყებაში დაედანაშაულებინა. 

ამასთან, პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამგვარი დასკვნა საზოგადოებაში ბრაზს გამოიწვევს, რაც "ოცნებისთვის" კონკურენტების ჩამოსაცილებლად ხელსაყრელი იქნება.

რისთვისაც შეიქმნა, ის შედეგი დაიდება იმ დასკვნაშიც. "ღალატის კომისია" რატომ შევარქვით? ერთის მხრივ, რომ საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში და ამით პუტინს ასიამოვნონ, და მეორე, იმისთვის, რომ ამ ყველაფრის შედეგად, როდესაც გასაგებია, ხალხი ამაზე გაბრაზდება და პოზიტიური რეაქცია ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არ იქნება, კონკურენტი აღარ ჰყავდეთ პოლიტიკურ ველზე. მთავარი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობაა" და დანარჩენი პარტიებიც ალბათ, აკრძალონ და ჩამოიშორონ და ჰავდეთ ეს "ხალხის ძალა", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ თუკი ხვალ წულუკიანის კომისია დადებს დასკვნას, რომლითაც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს, ეს ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის აკრძალვის საკითხს პოლიტიკოსის თქმით, "ძლიერი საქართველოს" გუნდს კარგად აქვს გააზრებული რა ბრძოლაშია და საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ. 

თუ ხვალ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ  დადო დასკვნა, რომელიც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ეს იქნება აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი, რადგან 2008 წელს საქართველო იმყოფებოდა თავდაცვით ომში. არ აქვს მნიშნელობა რას მოიმოქმედებს "ქართული ოცნება" - აკრძალავს თუ არ აკრძალავს "ლელო- ძლიერ საქართველოს", ჩვენ ვიცით და ჩვენ გაარებულად ვართ შემოსული ამ ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის, - ამბობს ლანა გალდავა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე ამბობს, რომ წულუკიანის დასკვნა რუსულ პროპაგანდას კიდევ ერთ საკვებს მისცემს, რომ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულონ. 

რაც აქვს "ქართულ ოცნებას" სურვილი, რომ ამ ანტიქართულმა რეჟიმმა საქართველოს დააბრალოს ომი, ამას გაამყარებს ალბათ დოკუმენტურად, რაც შემდეგ რუსულ პროპაგანდას მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ისაუბროს საქართველოს და ქართული ჯარის დადანაშაულებაზე ომის ნაწილში.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, "ქართული ოცნების" ხელიდან პარტია "ახალი" და კოალიცია "ცვლილებისთვის" ისედაც აკრძალულია, იმიტომ, რომ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას, ამ რუსულ სპეცოპერაციაში, წგავართვეს ნომერი და ა.შ. ბრძოლა იქნება საბოლოო გამარჯვებამდე, - ამბობს თენგო თევზაძე.

გახარიას გუნდში კი არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად მიმართოს. ტატა ხვედელიანის თქმით, მათი გუნდი მოვლეების შესაბამისად იმოქმედებს.  

იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნება" გახლავთ რეჟიმი, რომელიც დღესდღეობით ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი ყველაფერია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი მიმართავენ სასამართლოსაც ამ მოთხოვნით, თუმცა ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რა მდგენელები შემოვა პოლიტიკური მიმართულებით, ამის მიხედვით გადავდგამთ ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ამ რეჟიმს გამოვაცალოთ საყრდენი, - ამბობს ტატა ხვედელიანი.  

2008 წლის ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის დასკვნა ცნობილი სავარაუდოდ, უკვე ხვალ, ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე გახდება. მას შემდეგ, რაც ბიუროს დოკუმენტი წარედგინება, პირველ პლენარულ სდომაზე ტრიბუნას წულუკიანი დაიკავებს და 400 გვერდიან დასკვნას გაასაჯაროებს.  

"ქართული ოცნება" უკვე აანონსებს, რომ წულუკიანის დაწერილი დოკუმენტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნას გადაუგზავნიან.

 

მსგავსი სიახლეები