ბადრი ჯაფარიძის პირველი მოთხოვნა გათავისუფლების შემდეგ - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

05.09.25 15:21
ბადრი ჯაფარიძის პირველი მოთხოვნა გათავისუფლების შემდეგ - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

 

 

ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! - ამ მოთხოვნით დატოვა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ცხადია, ყველა ადამიანი, ვინც სატუსაღოშია, პოლიტიკოსები, გამორჩეული ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ, ყველა გარეთ უნდა იყოს დაუყოვნებლივ.

ახობაძის და კაციას შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, ეს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ისიც შერჩევითად, რაღაც ნაწილი გამოეშვა, რაღაც ნაწილისთვის კვალიფიკაცია შეეცვალათ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ უნდა აყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ისეთივეა, როგორიც მათი დაპატიმრების დღემდე იყო.

„ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ, რაც გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ჩვენ ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, არ შეგვიცვლია. ამის გამო მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება შეწყალების აქტის გამოცემას, მისივე თქმით, შეწყალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაიგო, რაც „16 მეტრ კვადრატულ სივრცეში სეირნობა დაამთავრა“.

"ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც გავუთავისუფლებივართ - ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება", - თქვა ოპოზიციონერმა. 

„ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - ჩვენი დატუსაღება და ჩვენი გათავისუფლება. დღეს დილით, პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10:00-საათიანი ჩემი გასეირნება 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში 11:00-ზე მორჩა და როდესაც დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

მისი თქმით, გაერთიანებამ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა პარტიის ლიდერების ციხეში იყვნენ.

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

მსგავსი სიახლეები