ბოკუჩავა: 4 ოქტომბრის „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობა "ლელოს" მხრიდან უკიდურესი იმედგაცრუებაა

05.09.25 17:20
ბოკუჩავა: 4 ოქტომბრის „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობა "ლელოს" მხრიდან უკიდურესი იმედგაცრუებაა

ადგილი აქვს დიდ პოლიტიკურ ვაჭრობას, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე "ლელო - ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება სასიხარულოა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ერთიანი ბრძოლის შედეგად და არა რეჟიმთან გარიგებით.

ბოკუჩავას შეფასებით, „ლელოს“ ნაბიჯი ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს და 4 ოქტომბრის „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობა უკიდურესად უარყოფით როლს შეასრულებს.

რა თქმა უნდა, სასიხარულოა თითოეული პოლიტიკური ტყვეს თავისუფლება და ვისურვებ, რომ ყველა პოლიტიკური ტყვე იყოს მალე თავისუფლებაზე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთიანი ბრძოლა და არა რეჟიმთან გარიგება. ადგილი აქვს დიდ პოლიტიკურ ვაჭრობას. ფაქტია, რომ გიორგი გახარია ვაჭრობს პარლამენტის მანდატებით და უკიდურესად სამწუხაროა, რომ "ლელომაც" აირჩია რეჟიმთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის გზა. უკიდურესად უარყოფით როლს თამაშობს რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის სახით. ამიტომ, უკიდურესი იმედგაცრუებაა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვისმენთ "ლელოს" ლიდერების მხრიდან, - ამბობს ბოკუჩავა. 

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

ამასთან, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მათი კოალიცია მონაწილეობას მიიღებს

 

მსგავსი სიახლეები