"ძალიან კარგი ადამიანია" - კალაძე აღიარებს, რომ ძალადობაში მხილებული ლაშა ბასლანძე მისი მეგობარია

08.09.25 12:00
"ძალიან კარგი ადამიანია" - კალაძე აღიარებს, რომ ძალადობაში მხილებული ლაშა ბასლანძე მისი მეგობარია

 

 

კახა კალაძე აღიარებს, რომ ძალადობაში მხილებული ბიზნესმენი, ლაშა ბასლანძე მისი მეგობარია, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ დააკავეს ის.  მეტიც, მერის თქმით, არ უნახავს კადრები, რომელიც "ტვ პირველმა" ორი დღის წინ გაავრცელა: 

ლაშას ვიცნობ, მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია. არ მინახავს [კადრები], არ ვიცი და რა გითხრათ? უნდა მენახა? რა უნდა დააკავონ, ვინ უნდა დააკავონ, არ ვიცი თემა-მეთქი. მეუბნებით რაღაც სისულელეს და რა გიპასუხოთ. მოვიგონო რაღაც და გიპასუხოთ?”, - უთხრა კახა კალაძემ მედიას.  

ჟურნალისტმა კახა კალაძეს აჩვენა ვიდეო, რომელშიც დაპირისპირებაა ასახული, რაზეც კალაძემ უპასუხა:

„არ ვიცი ვინაა, ვინ მირბის, იცით ვინ არის? საერთოდ არ ვიცი. თემას არ ვიცნობ. როდესაც მე არ ვიცი საკითხი, იმაზე ვერ გავაკეთებ განმარტებას იმიტომ, რომ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ თქვენ და ჩვენი მაყურებელი. ამიტომ, როდესაც საკითხი არ ვიცი, თავს შევიკავებ რაიმე კომენტარისგან”.

„ქვევრში“ ინციდენტი შაბათს ღამით მოხდა. ყოფილი მოიჯარე ლაშა ბასლანძე, ბერა ივანიშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, შეიარაღებული შევიდა რესტორანში და ფიზიკურად გაუსწორდა მფლობელ ზურაბ ტიბუას. კონფლიქტი ფართობის დათმობას უკავშირდება. ტიბუას თქმით, ბასლანძე მანამდე შურისძიებით ემუქრებოდა. შემთხვევის შემდეგ ბასლანძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დაუკავებით. ბასლანძე ამტკიცებს, რომ რესტორანში სათამაშო იარაღით შევარდა.  

მსგავსი სიახლეები