"ოცნება" გელა გელაძეს აქებს - არ საუბრობენ ვახტანგ გომელაურზე

08.09.25 13:43
"ოცნება" გელა გელაძეს აქებს - არ საუბრობენ ვახტანგ გომელაურზე

ირალი კობახიძის შემდეგ გელა გელაძეს "ოცნების" სხვა ლიდერებიც აქებენ. ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალმა შს მინისტრმა, სამ თვეში, დანაშაულთან ბრძოლის მაღალი ტემპი აიღო. 

ამასთან, "ოცნების" ლიდერები ყოფილ შს მინისტრზე, ვახტანგ გომელაურზე საერთოდ არ საუბრობენ. 

რაც შეეხება შსს-ს საქმიანობით კმაყოფილებას, რაღა დაგიმალოთ და მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან კმაყოფილი ვარ იმის გამო, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ მიმდინარეობს ეს მართლაც შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან. 

პირდაპირ ვამბობ, რომ მე მგონია, რომ ასე უნდა იქნას აღქმული, როგორც ითქვა პრემიერ-მმინისტრის მხრიდან. პირადად ჩემი განწყობაც და დამოკიდებულებაც გახლავთ აბსოლუტურად იდენტური. მე, რასაკვირველია, გახარებული ვარ, რომ დანაშაულთან ბრძოლამ, ნარკოტიკებთან ბრძოლამ, კორუფციასთან ბრძოლამ გაცილებით უფრო მაღალი ტემპი აიღო, ვიდრე ეს შეიძლება, ყოფილიყო წინა წლების განმავლობაში, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.  

ამავეს ამტკიცებს გივი მიქანაძეც.  

ბატონი გელა არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ძალიან წარმატებული მინისტრი და ამ მოკლე პერიოდში, სამთვიან პერიოდში, მისი მინისტრად დანიშვნის დღიდან, ცალსახად ვხედავთ, თუ რაოდენ ეფექტიანი მისი საქმიანობა და იმ გუნდის, რომელსაც ის ხელმძრვანელობს. 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ შსს ყოველთვის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდა და შესაბამისად, ვამბობთ, რომ სხვადასხვა მინისტრების დროს შეიძლება რაღაც მოცემულობები შესადარებელი არის, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა გამორჩეულად ეფექტიანია, - ამბობს გივი მიქანაძე. 

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე კრიმინალთან ბრძოლის სტატისტიკა გაასაჯაროვა და თქვა, რომ წლების განმავლობაში არასწორი პრაქტიკა „მიშვებული იყო“ - ნარკოტიკების მოხმარება, ქურდული სამყაროს საქმიანობა და იარაღის უკანონო ბრუნვა უყურადღებოდ რჩებოდა. მისი თქმით, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობამ უკვე გამოიღო შედეგი და სწორედ ამას ადასტურებს უპრეცედენტო სტატისტიკა. 

მსგავსი სიახლეები