ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ

11.09.25 13:54
ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ

"ქართული ოცნების" დიპლომატიური სკანდალი გრძეკდება - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს. 

წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ EU გმობს საქართველოში მისი საქმიანობისა და როლის შესახებ არსებულ დეზინფორმაციას.

  • ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გერმანიის ელჩი თბილისში [პეტერ ფიშერი] ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.

„როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას“, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

 

გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გმობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას.

„კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.

 

მსგავსი სიახლეები