ექსკლუზიური კადრები: რისთვის ამზადებენ სპეცრაზმს?
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - თბილისთან ახლოს, სპეცრაზმს აქციების დაშლაში ავარჯიშებენ.
ნიღბიანების მომზადების ექსკლუზიური ვიდეო კადრები "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა 4 ოქტომბრის არჩევნებამდე და დაანონსებულ დიდ სახალხო შეკრებამდე სამი კვირით ადრე გადაიღო.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, ამავე სწავლებისას ამოწმებდნენ იმ ახალ ტექნიკასაც, რომელიც გაზაფხულის აქციების შემდეგ შეიძინეს.
როგორც ირკვევა, წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან - დაკავების მანქანების, სპეც ტექნიკისა და სპეცრაზმსა და ხალხს შორის შეტაკებების სიმულაციის ჩათვლით.
სოფელ გამარჯვების საძოვრებიდან, კარგად ჩანს ის ადგილი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფების მოსამზადებლად შეარჩიეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, წვრთნა აქციების დაშლაში გაიარა არა მხოლოდ თბილისში დისლოცირებულმა სპეცრამზმა არამედ, თბილისთან ახლოს არსებული, სხვა დანაყოფების სპეც რაზმლებმაც - იმ ხალხმა, ვისაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციების დასაშლელად იმატებენ, როდესაც ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლებისას, დედაქალაქში განთავსებული დანაყოფები არ ჰყოფნის.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა საგანგებო წვრთნების რამდენიმე ეპიზოდი გადაიღო და ყველა აქციების დაშლის იმიტაციას ასახავდა. ერთ-ერთ ვიდეომასალში ჩანს, რომ წვრთნას მორბენალთა რაზმიც გადის, რომელიც აქციის მონაწილეებს ფეხდაფეხ მისდევს და გაქცეულებს გზას დაკავების მანქანებით უხერგავს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვრთნები 4 ოქტომბერს დაანონსებული დიდი სახალხო შეკრების წინ, საიდუმლო ვითარებაში ტარდება.