პროკურორი: ხაბეიშვილის მობილური ვერ გავხსენით, შესაძლოა, ვერც გავხსნათ
პროკურატურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის მობილურს ამ ეტაპზე ვერ ხსნის - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა ჟურნალისებთან განაცხადა.
ხუნაშვილს "ტვ პირველმა" ჰკითხა, რა ბედი ეწია ლევან ხაბეიშვილის მობილურ ტელეფონს, რომელიც გამოძიებამ მისი დაკავებისას ამოიღო.
ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, მობილური აპარატი ჯერ არ დათვალიერებულა და შესაძლოა, ტელეფონის დაცვის ფუნქციის გამო, ვერც გაიხსნას.
დაზუსტდა ისიც, რომ პოლიტიკოსის კუთვნილ მობილურ ელეფონს ექსპერტიზაც არ ჩატარებია.
ჯერ ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება, იმიტომ, რომ დასანიშნია ექსპერტიზა. თუ გაინტერესებთ პროცედურულად შეიძლება ეგ მობილური ტელეფონი საერთოდ ვერ გაიხსნას, მოგეხსენებათ "აიფონებს" აქვთ ეგ ფუნქცია.
ყოველ შემთხვევაში, როგორც შესაძლო ნივთმტკიცება ეს ტელეფონი მნიშვნელოვანი იყო. შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერც გაიხსნას, მე ვერც გიდასტურებთ, ვერც გამოვრიცხავ. არსებობს ხანდახან შემთხვევა, როდესაც ტელეფონის გახსნა ვერ ხდება",- განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
ამასთან, პროკურორმა დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლევან ხებეიშვილთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას აყვანისას გაქცევა არ უცდია.
აღიარა ისიც, რომ პოლიტიკოსს ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი 10 წუთის განმავლობაში ჰქონდა.
ბატონი მურთაზი შეეცადა ამ ტელეფონთან ერთად დაკავების ადგილიდან გასვლას. შესაბამისად, ვინაიდან ასევე განჩინება იყო გაცემული, რათა ამოღებულიყო მობილური ტელეფონი ლევან ხაბეიშვილის, ეს ქმედება ჩაითვალა გამოძიების პროცესში ხელის შეშლად, უხეშ ჩარევად, უკანონო ქმედებად მურთაზ ზოდელავას მხრიდან. შესაბამისად ამაში გამოიხატა მისი დანაშაული. რაც შეეხება დაკავებას, დაკავება მოხდა ამ ქმედების ჩადენიდან 10 წუთის შემდეგ.
10 წუთი არ არის ის დრო, რომ ჩავთვალოთ დანაშაულზე წასწრებად. რაც შეეხება უშუალოდ ტელეფონების გამორთმევას ზოდელავას მხრიდან, როდესაც მან ეს ტელეფონი აიღო და შეტრიალდა, თავის ტელეფონიც ეკავა ხელში. სუს-ის თანამშრომლის მიერ ვერ მოხდებოდა იდენტიფიცირება რომელი ტელეფონი რომელ ადამიანს ეკუთვნოდა, ხაბეიშვილის ტელეფონი იყო აუცილებელი სისხლის სამართლის საქმეზე რომ დამაგრებულიყო და ამოღებულიყო.ეს არის ჩარევა გამოძიების პროცესში."- განმარტა პროკურორმა.
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.
ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.