დავით მიქაძის დაცვა ალაპარაკდა - დაკავებული აღიარებს, რომ ადვოკატს ტელეფონი ნამდვილად მიაწოდა, თუმცა ამტკიცებს რომ "შეცდომით"
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, დავით მიქაძის დაცვის წევრის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იხილავს.
ცოტა ხნის წინ სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ლაშა მაისურაძემ და დაადასტურა, რომ ტელეფონი, საიდანაც ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის თქმით, მას დავით მიქაძე სიცოცხლის მოსპობით დაუმუქრა, ნამდვილად მიაწოდა სანდრო წივწივაძის აწ უკვე ყოფილ უფლებადამცველს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს შეცდომით მოხდა, რადგან არა ბარდაველიძესთან, არამედ სხვა პირთან მისვლას აპირებდნენ.
“შეურაცხყოფილი ვარ ამ სიტუაციით. ამ დანაშაულში ვერ ჩავთვლი თავს დამნაშავედ. ბერიაშვილის ჩვენებაც იმაზე მეტყველებს, რომ მე იმ ადამიანს, ადვოკატი ყოფილა არც ვიცნობდი. ვადასტურებ რომ ტელეფონი მივაწოდე, მაგრამ ბერიაშვილიც ხომ ამბობდა, რომ ეს შეცდომა იყო, ამ ადამიანთან არ უნდა მივსულიყავი. იქვე თქვა ბერიაშვილმა, რომ ეს ზარი მასთან არ იყო და სხვას უნდა შევხვედროდით.”- განაცხადა მაისურაძემ.
- ახლა საინტერესოა, თუ გიორგი ბარდაველიძეს არა, მაშინ ვის უნდა დამუქრებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული მიქაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და ვის მისამართზე უნდა მისულიყო მისი დაცვის წევრი ლაშა მაისურაძე.
- ცნობისთვის, გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი იყო, ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა.
დღეს "პირველებთან" კომენტარი გააკეთა მაისურაძის უფლებადამცველმაც - ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბარდაველიძეს არ იცნობდა, ურბალოდ ნაცნობს მიჰყვა მასთან და ის ტელეფონიც იმიტომ მიაწოდა, რომ მანქანაში რეკავდა.
ლაშა მაისურაძეს არავის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, არც არავის დახმარებია მუქარის განხორციელებაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ იცნობს გიორგი ბარდაველიძეს. ის ახლდა თავის ახლობელს, ის იყო მისული ვიღაც პიროვნებასთან, რომელსაც გადასცა მაქქანაში არსებული ტელეფონი. რეკავდა ტელეფონი ავტომანქანაში, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ იჯდა, ამოიღო ეს ტელეფონი და გადასცა ორ პირს, რომელიც საუბრობდა, ეს ავტომანქანა ამ ორიდან ერთ-ერთი პირის იყო. დავით მიქაძე და ლაშა მაისურაძე არიან მეგობრები, შესაბამისად, ვინ ვის ურეკავდა, ეს ლაშა მაისურაძემ არ იცოდა. ტელეფონი ლაშასი არ იყო. ბარდაველიძეც ადასტურებს იმას, რომ მუქარა მიქაძის მხრიდან კი არ განხორიცელდა, მოესმა ვიღაც სხვა პირის ხმა ტელეფონში, შესაბამისად, აქ რამდენად არის მუქარა, ჯერ ეს არის გამოსარკვევი", - ამბობს მაისურაძის ადვოკატი.
საქმის პროკურორი კი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ბრალდების მხარე ამბობს, რომ ლაშა მაისურაძემ მის თანმხლებ პირს, საუბარია გიორგი ბერიანიძეზე დაუდასტურა, რომ ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე სწორედ ის პირი იყო, რომელთანაც საუბარი სურდა.
- ლაშა მაისურაძესთან ერთად, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ფაქტზე ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალი წაუყენა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე დაითანხმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გ.ბ.
შეხვედრისას ლ.მ.-მ იგი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს