შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა - კიდევ რა ისმის სკანდალურ აუდიო-ჩანაწერში?

29.09.25 20:57
შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა - კიდევ რა ისმის სკანდალურ აუდიო-ჩანაწერში?

რა ფასი უჯდება "ქართულ ოცნებას" კონკურენტების გზიდან ჩამოშორებაა? - ივანიშვილის გუნდის ჩანაფიქრი სკანდალური აუდიო ჩანაწერით იშიფრება. ირკვევა, რომ "ძლიერი საქართველოს" ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატს ე.წ. ქურდებით ემუქრებოდნენ და ასი ათას ლარიანი ვალის გაქვითვას სთავაზობდნენ, თუ ის კანდიდატურას "ოცნების" სასარგებლოდ მოხსნიდა.

კარა ორუჯევი, ამ დროისთვის, პროკურატურაში იკითხება.

ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი ქურდების ჩარევით და დიდი ფულის სანაცვლოდ - ახლა უკვე არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ "ძლიერი საქართველოს" წევრების მიერ, საკუთარი კანდიდატურის მოხსნა შემთხვევითი არ ყოფილა. ოპოზიციურ კოალიციაში ამბობენ, რომ მათ გასანეიტრალებლად სუს-ი კრიმინალურ სამყაროსთან ერთად შეთანხმებულად მუშაობს.

სკანდალურ ჩანაწერში კარა ორუჯევი ამბობს, რომ "ოცნების" მხარდამჭერები მას მარტში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დაპირდნენ. კალენდარულად მარტში არჩევნები წესით საერთოდ არ არის დაგეგმილი, ამიტომ ჩნდება კითხვა, ხომ არ ემზადება "ოცნება" ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

სკანდალური აუდიო ჩანაწერის  გავრცელებიდან რამდენიმე საათში, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გვარაკიძის უწყებამ ახლა წესით "ძლიერი საქართველოს" ყოფილი წევრიც უნდა გამოკითხოს. ორუჯევი ამბობს, რომ მასზე ტერორი მიდიოდა. არსებობს ეჭვები, რომ ამ საქმეში სუს-იც იყო ჩართული, ამიტომ ოპოზიციურ კოალიციაში არ აქვთ მოლოდინი რომ ამ საქმეს ვინმე ეფექტურად გამოიძიებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები