სახდეპის ანგარიში ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე - საქართველო მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს

30.09.25 09:44
სახდეპის ანგარიში ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე - საქართველო მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს

საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს სრულად - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2025 წლის ანგარიშშია საუბარი. 

ანგარიშის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში, მთავრობა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას აგრძელებდა, ამიტომ საქართველო დარჩა „პირველ დონეზე“ (Tier 1).

  • ანგარიშის მიხედვით, „პირველი დონის“ ქვეყნების ჯგუფში შედიან: არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბელგია, კანადა, ჩილე, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, გაიანა, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ფილიპინები, პოლონეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სლოვენია, ესპანეთი, სურინამი, შვედეთი, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

"ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას მოიცავდა. რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, სასამართლოებმა დაზარალებულებს კომპენსაცია მიანიჭეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც ტრეფიკინგის საქმეებში მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას სავალდებულოს ხდის“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის ნაკლები საქმე გამოიძია, და ზოგადად სექსუალური ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევა არასაკმარისი იყო". საუბარია პრობლემების შესახებაც.

"სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვდნენ, რომ მსხვერპლები სასამართლო პროცესების დასრულებამდე ქვეყანაში დარჩენილიყვნენ, რაც, პოტენციურად, უცხოელ მსხვერპლებთან, რომელთაც რეპატრიაცია სურდათ, მათ თანამშრომლობას აფერხებდა და მოსამართლეებს არცერთ სისხლის სამართლის საქმეში რესტიტუცია არ მიუნიჭებიათ. მთავრობის ძალისხმევა იმ მსხვერპლების იდენტიფიცირებისა და მათი შესაბამისი სერვისებისთვის მიმართვის მხრივ, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა არ ისურვეს, მინიმალურ დონეზე დარჩა. მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან სისტემური თანამშრომლობის ნაკლებობამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისხმევას ხელი შეუშალა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, შემდეგი რეკომენდაციები უნდა განხორციელდეს:

  • ტრეფიკინგის დანაშაულების, განსაკუთრებით კი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიება და მსჯავრდებული ტრეფიკერების შესაბამისი დასჯა, რაც მნიშვნელოვანი ვადით პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს; ტრეფიკინგის მსხვერპლების იდენტიფიცირება მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმებით; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება; დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსებისა და ტრენინგების რაოდენობის გაზრდა; დაზარალებულთა გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაში მონაწილეობის წახალისება დაზარალებულზე ორიენტირებული სასამართლო პროცედურების საშუალებით; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის შრომის ინსპექციის რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდა; ტრეფიკინგის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დაცვისთვის მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცნობიერების გაზრდა; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გამოქვეყნება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტრეფიკერები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსხვერპლების ექსპლუატაციას ახდენენ.

„ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით, ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ ქვეყნის შიგნით, კერძოდ აჭარაში და საზღვარგარეთ, კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ტრეფიკერები მსხვერპლების რეკრუტირებას მოტყუებით ახდენენ, მათ უცხოეთში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ საშუალებებს. უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გამოექცნენ და რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაექცნენ, ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლადები არიან“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონებში ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ.

განახლება:

აღნიშნულ თემაზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმძღვანელო მითითების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან.

2016-2025 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 87 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით - 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით - 1 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები