მიქაუტაძე გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვს - ალაპარაკდება თუ არა ექს მაღალჩინოსანი?
ალაპარაკდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებული რომეო მიქაუტაძე და ვის დაადებს ხელს ყოფილი მაღალჩინოსანი? - მიქაუტაძე, რომელიც თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იკავებდა, ციხის სამარტოო საკნიდან სასამართლში უკვე მიიყვანეს. ეკონომიკის მინისტრს ექს მოადგილის წინა სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მიქაუტაძის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატ, ბექა ნემსიწვერაძის თქმით, სავარაუდოდ, დღეს რომეო მიქაუტაძე განცხადებას გააკეთებს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, როგორც ბრალთან ისე სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირაოთი, ვინაიდან არ არსებოსბ საფუძველი იმისა, რომ მიქაუტაძე იყოს პატიმრობაში ამ ეტაპზე, შესაბამისად დავაყენებთ შუამდგომლობას. მტკიცებულებები, რაც მოპოვებული აქვს ბრალდების მხარეს, არ ადასტურებს იმ ბრალდებას, რაც წარდგენილი აქვს. დღეს თავად გადაწყვეტს დააფიქსირებს თუ არა მის პოზიციას, ალბათ დააფიქსირებს, როგორც ბრალთან ისე სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს აღნიშნულს საქმეს", - აცხადებს ადვოკატი.
ეკონომიკის მინისტრს ექს მოადგილის მხარდასჭერად სასამართლოში მისი ყოფილი თანაგუნდლებიდან ისევ არავინ გამოჩენილა, სასამართლოში იმყოფებიან რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრები.
დღეს "პირველებმა" კითხვები დაუსვა მიქაუტაძის ვაჟს და ჰკითხა, ხომ არ დაუყადაღებია გამოძიებას მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები, თუმცა ყოფილი მაღალჩნოსნის შვილმა არცერთ კითვხვას არ უპასუხა.
- ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.