„ოცნების“ განცხადებების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება წნელისთან საგუშაგოს მოხსნას ელის
ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წნელისთან მდებარე ქართული პოლიციის პოსტზე და აღნიშნა, რომ მისი გაუქმების „სერიოზული იმედი“ არსებობს.
„არსებობს სერიოზული იმედები, რომ ეს ქართული პოსტი მოიხსნება და გაიყვანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა კოჩიევმა.
მისივე თქმით, ეს შესაძლოა შიდა პოლიტიკური ბრძოლა იყოს საქართველოში, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ საკითხს აყენებს და აღიარებს, რომ პოსტის არსებობა შეცდომა იყო, გარკვეულ იმედს აჩენს.
„ეს შესაძლოა, შიდა პოლიტიკური ბრძოლა იყოს საქართველოში, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ საკითხს აყენებს და აღიარებს, რომ პოსტის არსებობა შეცდომა იყო, გარკვეულ იმედს აჩენს“, – დასძინა კოჩიევმა.
საგუშაგო ჩორჩანის ტყეში, სოფელ წნელისთან ახლოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2019 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათავსა. ოსური მხარე წნელისს „უისტას“ უწოდებს.
ამ თემას საქართველოში უკვე სამართლებრივი გაგრძელებაც აქვს: პროკურატურა იძიებს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტებს. გამოძიების ფარგლებში შესწავლილია, მათ შორის, 2019 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებები.
საკითხზე გამოკითხულნი არიან შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები – მაია ცქიტიშვილი, ვახტანგ გომელაური, ივანე მაჭავარიანი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა თანამდებობის პირები.
„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისია აცხადებს, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო, ხოლო თავად ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.