ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლომ ძმები მიქაძეების, ჯოხაძის და კიდევ 2 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლომ ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, ძმებ -დავით და გიორგი მიქაძეების, გიორგი ჯოხაძის, მამუკა ბაღდავაძის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.
სხდომას არ ესწრებოდა გიორგი მიქაძე, როგორც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ შედგენილი ოქმიდან გაირკვა, მიქაძემ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და არც ოქმს მოაწერა ხელი.
პროცესზე პატიმრობის ძალაში დატოვებას პროკურატურა ითხოვდა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ორი ბრალდებული (დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე) უკვე მიმალულია და ისინი ძებნაში არიან.
დღევანდელ სხდომაზე გიორგი კაჭკაჭაშვილის უფლებადამცველი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. მოსამართლის კითხვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პასუხი გასცა დაკავებულმაც.
„გლდანში გადამიყვანეს, CT გადამიღეს, თავში კისტა აღმომაჩნდა", - განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
მისი ადვოკატი ბრალდებულის 20 000-ლარიანი, გიორგი ჯოხაძისა და მამუკა ბაღდავაძის ადვოკატები კი 50 000-50 000- ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.
რაც შეეხება ძმებ მიქაძეების ადვოკატს, გიორგი ყავლაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის მიმართ 100 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
საქმეში არათუ მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მოცემულ საქმეში, მკვლელობის ორგანიზებაში, თუნდაც იოტისოდენა მაინც დაადასტურებდა მკვლელობაში დავით ან გიორგი მიქაძის მონაწილეობას. მეტსაც გეტყვით, 14 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე არცერთი მტკიცებულება გამამტყუნებელი მიმართულებით ბრალდების მხარეს საქმეში არ დაუმატებია", - ამბობს მიქაძეების ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.
- ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
- გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
- რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.