რა მოლოდინებია "ოცნებაში" 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

30.09.25 15:46
რა მოლოდინებია "ოცნებაში" 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

რა მოლოდინებია "ოცნებაში" 4 ოქტომბერთან დაკავშირებით - ივანიშვილის გუნდში ისევ იმუქრებიან. ირაკლი ქადაგიშვილი დაანონსებული აქციის მონაწილეებს "პროვოკატორებად" მოიხსენიებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ აყვნენ მათ, რადგან მისი თქმით, "შემდეგ ფეისბუქზე ტირილი და ნიანგის ცრემლები" აღარ უშველით. 

ამასთან, ქადაგიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გდდ უფრო უკეთ არის მომზადებული, ვიდრე წინა აქციების დროს.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, იმ პროვოკატორების ხელში ნუ აღმოჩნდებიან ბრმა იარაღი. მერე, როდესაც კანონი პასუხს გასცემს, აღარ უშველის არც ფეისბუქში ტირილი, არც უცხოელი წამქეზებლების ნიანგის ცრემლები. კანონი არ დაარღვიონ, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეს მთელი იმ წინა პროცესის დროსაც გამოჩნდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, მათ შორის, უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს, იყოს მაქსიმალურად კანონის ფარგლებში მოქცეული. ეს პროცესი კიდევ უფრო დახვეწილი იქნება, რა თქმა უნდა, ამჟამად. შესაბამისი სწავლებაც, ტრენინგიც ჩაუტარდათ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებს, - ამბობს ქადაგიშვილი. 

თენგიზ შარმანაშვილი კი მოქალაქეებს წინდაწინ ეუბნება, რომ "ოცნება" არსად წასვლას არ აპირებს და ისინი საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას მხოლოდ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს შეძლებენ. 

საქართველო არის სახელმწიფო და თავისი მოსაზრება ყველამ უნდა გამოხატოს, თავისი ნება, კონსტიტუციურ ჩარჩოებში. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ამავე კონსტიტუციაში მითითებულია, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ თუ შეკრებამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. მოვისმენთ, კი, ბატონო და ვეტყვით, რომ მოვა შემდეგი არჩევნები, თქვენი ნება გამოხატეთ კონსტიტუციურად საარჩევნო უბნებზე და თუ შეცვლით ხელისუფლებას, ჩვენ ამას დავემორჩილებით და მორჩილად წავალთ ხელისუფლებიდან, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

4 ოქტომბერს დაანონსებულ მშვიდობიან რევოლუციას "გუჟურ და აბსურდულ იდეად" აფასებს ლევან მახაშვილი. "ოცნების" წევრის თქმით, ამ იდეებს შესრულება არ უწერია, მოქალაქეებს კი საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ.  

მოხდება ის, რომ გაიმართება მუნიციპალური არჩევნები, მშვიდად ჩაივლის პროცესი და 5 ოქტომბრიდან ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. ეს, რაც ნამდვილად მოხდება. ასევე სავარაუდოდ რაც შეიძლება მოხდეს, არის, რომ სცადონ ამ ძალებმა, ჩაშალონ საარჩევნო პროცესი. გიჟურ, აბსურდულ იდეებს შესრულება არ უწერია, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, თუ ასე გააგრძელეს, რაც ნამდვილად უწერია, არის ის, რომ სახელმწიფო მოუწევს ზოგიერთი ასეთი ადამიანის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - ამბობს ლევან მახაშვილი.  

შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გაისტუმრებენ.   

მსგავსი სიახლეები