ივანიშვილი ისევ გარე მტრებსა და ოპოზიციაში "დასაყრდენ აგენტებს" ეძებს

01.10.25 10:59
ივანიშვილი ისევ გარე მტრებსა და ოპოზიციაში "დასაყრდენ აგენტებს" ეძებს

წინასაარჩევნოდ გავრცელებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი კვლავ „გარე ძალების“ კონსპირაციაზე საუბრობს და მათ ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს ძალები საქართველოში დასაყრდენად ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს იყენებენ.

ივანიშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი ბოლო წლების განმავლობაში ისაა, რომ გუნდმა ისწავლა "მეგობრისა და მტრის გარჩევა".

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია,გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.
ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.

გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი.

დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.
ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი, - წერს ივანიშვილი. 

მსგავსი სიახლეები