"ერთი პარტიის გაგიჟება და ძალაუფლებით თრობა" - ხიდაშელი ივანიშვილის მმართველობის 13 წელს აფასებს
ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 13 წლისთავს უკავშირდება, თინა ხიდაშელი მწვავედ აფასებს. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა იყო კოალიციური მმართველობის დაკარგვა და ერთპარტიული ძალაუფლების დამკვიდრება, რაც „ქართული ოცნების“ განუკითხაობასა და პარტნიორების მოშორებას მოჰყვა. ხიდაშელის შეფასებით, ივანიშვილმა ქვეყანა სტრატეგიული მოკავშირეების გარეშე დატოვა და რუსული ზეწოლის წინაშე გახადა დაუცველი.
1 ოქტომბერს რაც მოხდა, ის იყო 4 წლიანი მანდატი, რომელმაც, ჩემი აზრით, გაამართლა ის მოლოდინები, რომელიც იმ მომენტში ქართულ საზოგადოებას ჰქონდა. მთავარი შეცდომა იყოს ის, რომ ქვეყანაში არ დარჩა რესურსი კოალიციური მმართველობის შენარჩუნების და მივიღეთ ერთპარტიული მმართველობა, რომელსაც, როგორც წესი, შემდეგ მოჰყვება ხოლმე იმ ერთი პარტიის გაგიჟება და ძალაუფლებით თრობა. ჩვენ მივიღეთ "ქართული ოცნება", რომლის ლიდერმაც დღეს გამოაქვეყნა წერილი, სადაც ერთადერთი სათქმელი, და ვისაც უნდა შემეკამათოს და წამიკითხოს სხვა ნაწილი მისი წერილიდან, არის ის, რომ მან ვირაცეები აიძულა, რაღაცეები ეკეთებინა, იმიტომ, რომ მას სხვა სათქმელი აღარ დარჩა. მან მოიმდურა ყველა მეგობარი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქვეყანა დატოვა რელური სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, დატოვა რუსული ძალის მიერ გადაყლაპვის საფრთხის წინაშე, - ამბობს ხიდაშელი.
ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.