PACE-ს რეზოლუციის პროექტი: საქართველოში დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშაა, „ოცნების“ კურსი დიქტატურისკენ მიდის
ევროსაბჭო ახალ რეზოლუციას ამზადებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება. დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე გასაჯაროვდა და მასში საუბარია „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე, საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე.
ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, თუ ივანიშვილის პარტია დაიწყებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, როგორც ამას ივანიშვილის გუნდი აანონსებს, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის ოფიციალური დაკანონება იქნება.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია, რომ "ოცნების" ხელისუფლება სისტემატურად არ ითვალისწინებს მის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს.
„დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის ტექსტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
ევროსაბჭოში საკითხზე საგანგებო დებატები ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციას კენჭს უყრიან.