რას ითხოვენ დაპატიმრებული ქართველი პოლიტიკოსები ოფიციალური ლონდონისგან - The Guardian წერილს აქვეყნებს

01.10.25 14:28
რას ითხოვენ დაპატიმრებული ქართველი პოლიტიკოსები ოფიციალური ლონდონისგან - The Guardian წერილს აქვეყნებს

დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რუსთავის ციხიდან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივეტ კუპერს წერილი მისწრეს და ირანის გავლენის „უპრეცედენტო გაფართოების“ შესახებ აცნობეს. ქართველმა პოლიტიკოსებმა კუპერს მისწერეს, რომ „ქართულ ოცნებას“ და ირანს შორის კავშირები იზრდება.წერილი დღეს The Guardian-მა გამოაქვეყნა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, დაპატიმრებული ოპოზიციონერები მოუწოდებენ კუპერს, სანქციები დააწესოს იმ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანთან კავშირებს ამყარებენ, ასევე საქართველოში „პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელებზე“, რომლებიც საქართველოს მთავრობის გზავნილებს ავრცელებენ.

კუპერისადმი მიწერილ წერილში დაპატიმრებული პოლიტიკოსები წერენ:

“ჩვენ, პატივისცემით მოგიწოდებთ, განიხილოთ სანქციების გავრცელება ამ პირების, მათი ორგანიზაციებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რათა მათ ვეღარ ისარგებლონ დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობებით, მაშინ როდესაც ისინი მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ".

The Guardian-ის თანახმად, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები წერენ, რომ ისინი „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ რეჟიმის“ მიერ არიან დაპატიმრებულნი და მმართველი პარტია ასევე ამყარებს კავშირებს თეირანთან.

მათი თქმით, ამ მტკიცების დასაბუთებაში შედის „სოლიდარობის გამოხატვა“, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირანის საელჩოში აშშ-ის მიერ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ შესთავაზა.

წერილში ასევე მოყვანილია ირაკლი კობახიძის ვიზიტი თეირანში, სადაც ის „ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა.

როგორც The Guardian წერს, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები წერენ: „ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მფარველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, გააძლიერა კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, მიაღწია სახელმწიფოს სრულ მიტაცებას და თანმიმდევრულად ანგრევს დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს“.

ამჟამად საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობა უფრო მეტია (60-ზე მეტი), ვიდრე რუსეთში. სამოქალაქო საზოგადოება თავდასხმის ქვეშ არის დრაკონული კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც რუსულის მსგავსია და მიზანს მისი სრული განადგურება წარმოადგენს. არანაკლებ შემაშფოთებელია ირანული გავლენის უპრეცედენტო გაფართოება“. - წერია წერილში. 

ივეტ კუპერისთვის გაგზავნილ წერილში დაკავებული პოლიტიკოსები აცხადებენ:

„გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გამოიჩინა ლიდერობა, „ქართული ოცნების“ რეპრესიული აპარატის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ზომების, რომლებსაც რეალური გავლენა ჰქონდა და ჩვენმა ხალხმა ღრმად დააფასა. მიუხედავად ამისა, შეშფოთებულები ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ხელშემწყობი პირები - ბიზნესპარტნიორები, ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრები და პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელები, რომლებიც საიმედო ცნობების თანახმად, რუსული ხელწერით მომზადებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ - კვლავაც სარგებელს იღებენ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან, ხოლო ზოგიერთი მათი ოპერაცია, როგორც ცნობილია, ლონდონშია დაფუძნებული“, - ნათქვამია წერილში. 

მსგავსი სიახლეები