ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბრალდების მხარეს გელა უძილაურის დაკითხვა სურს
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სახელმწიფო ბრალდებას მკვლელობაში ბრაალდებული გელა უძილაურის დაკითხვა სურს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, ბრალდების მხარე მომდევნო სასამართლო პროცესზე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის.
დღეს უნდა გამოკითხულიყო საქმის მთავარი გამომძიებელი, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს საქმის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია. მათ შორის დაიკითხა ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა, რომელმაც დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები.
დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყო საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელთან ერთადაც მოხდებოდა სრულად შეჯამება ყველა მტკიცებულების, ვიდეო მასალის დეტალური მონაცემების, თუმცაღა გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა ბრალდებულ გელა უძილაურის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან და პროცესი გადაიდო.
ბრალდების მხარეს გამოძახებული ჰყავდა და სურდა, დაეკითხა გელა უძილაური, რომელსაც ბრალი ედება შეკვეთით, ანგარებით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ამავე საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე. როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე გააჟღერა, გიორგი მიქაძემ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე და მისივე განცხადებით დგინდება, რომ მას არ აქვს სურვილი, მისცეს ჩვენება მისი თავის წინააღმდეგ.
ზოგადად, კონსტიტუციური უფლებაა, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია, უარი თქვას საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ შევაფასებთ, თუმცა, ესეც მოცემულობაა, რომ ის არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება.
გიორგი კაჭკაჭაშვილმაც უარი განაცხადა და, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი დაკითხვა. რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ის თანახმაა, მისცეს სასამართლოს ჩვენება, თუმცაღა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა მისი დაკითხვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და მომდევნო პროცესზე მოხდება მისი დაკითხვა.
ბრალდების მხარე მომდევნო სასამართლო პროცესზე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას. მათ შორის, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავკითხოთ ბრალდებული გელა უძილაური და შემდეგ ეტაპზე ბრალდების მხარე უკვე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას”, - განაცხადა პროკურორმა.
სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გელა უძლაურის ადვოკატმაც - გიორგი გამხიტაშვილმა თქვა, გელა უძილაური აუცილებლად მისცემს ჩვენებას სასამართლოს, თუმცა როდის, ეს არ დაუკონკრეტებია.
გელა უძილაურის პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება, სადაც საქმის მთავარი გამომძიებელი გამოიკითხება.
სასამართლომ გელა უძილაურის მიმართ განაჩენი ნოემბრის დასაწყისამდე უნდა გამოაცხადოს, რადგან "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწაარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.