კალაძე თბილისში „დისნეილენდის“ აშენების პირობას დებს
თბილისის დენდროლოგიურ პარკში „დისნეილენდის“ მსგავსი ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა - ეს პირობა კახა კალაძემ „ფეისბუკის“ ლაივში საუბრისას დადო.
მისივე თქმით, მშენებლობაში „განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს“:
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს დენდროლოგიური პარკი, რომელიც, დაახლოებით, 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიის უნიკალური სარეკრეაციო პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის სხვა ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის. პარკი ასევე ესაზღვრება თბილისის ახალ ზოოპარკს. ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ განვახორციელებდით ახალ პროექტს - ჩავატარებდით შესაბამის სამუშაოებს ისე, რომ დენდროლოგიური პარკი შენარჩუნებული იქნებოდა, თუმცა პირველი, რაც გავაკეთეთ, ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადმოტანა იყო.
ქალაქის ცენტრში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მისი მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით. შესაბამისად, დავგეგმეთ ზოოპარკის გადატანა ტერიტორიაზე, რომელიც, დაახლოებით, 50 ჰექტარს შეადგენს და პირდაპირ ესაზღვრება დენდროლოგიურ პარკს. გვინდა, რომ პირველ რიგში, ეს პროექტი - ზოოპარკის გადმოტანა დავასრულოთ და შემდეგ უკვე პარკის განახლება-რეაბილიტაცია მოვახდინოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ზღვა ერთგვარ დანიშნულების წერტილად იქცა, როგორც ზოოპარკის, ისე დენდროლოგიური პარკის ვიზიტორებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ატრაქციონების გრანდიოზული პარკი, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ გვაქვს. იგი რეგიონში ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.