რა ბედი ელის ბაჩიაშვილის ქონებას? - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ბიტკოინების საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა.
უფრო კონკრეტულად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა.
ბაჩიაშვილი საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, გიორგი ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება, თუმცა როდის მოხდება ეს დღეს იურისტს არ განუმარტავს.
რაც შეეხება აღსრულებას, ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ჯერ კიდევ გასავლელი არის უზენაესი სასამართლოს ეტაპი, ანუ ბატონ ბაჩიაშვილს შეუძლია, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ისიც მინდა განგიმარტოთ, რომ ვინაიდან ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივი აღსრულება, გვაქვს უკვე სააღსრულებო ფურცელი აღებული ამ საქმეზე და შეგვიძლია მივმართოთ სააღსრულებო წარმოების დაწყების პროცედურებზე, ვინაიდან დაუყოვნებლივი აღსრულება დაგვიკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა დღეს ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ბატონ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ის მოთხოვნილი ბიტკოინები, მაშინ მას დაეკისრება გადასახდელად ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის. აღსრულება მიეცემა იმ ქონებებს, რომელიც უკვე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებებში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აანონსებს.
სოფო ქურთაულის თქმით, დეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდა მოცემულ საქმეზე.