ძალადობის ღამე სასამართლოში - ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ისევ დავით მატიაშვილია მხილებული
ადამიანების უმოწყალოდ ცემაში ისევ სასამართლოს მანდატური დავით მატიაშვილი და მისი ხელქვეითები არიან მხილებულები. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს დავით მატიაშვილი მუშტს სახეში ნიკა კვიტატიანს.
სიტუაცია გუშინ სასამართლოში უკონტროლო გელა ხასაიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გახდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მანდატურები ურტყამდნენ მოქალაქეებს, თმით ითრევდნენ, მუშტებით იგერიებდნენ - დაპირისპირება გაგრძელდა სასამართლოს ეზოშიც.
დაზიანებები ნიკა კვიტატიანს ახლაც აღენიშნება - დაკაწრული სახე და სისხლჩაქცევები. კადრები ზუსტად ასახავს მასზე თავდასხმას - როგორ უახლოვდება მანდატურების უფროსი და როგორ უსწორდება, შემდეგ კვიტატიანი ძირს ეცემა. ნიკა არ არის ერთადერთი მსხვერპლი, გუშინ დაზიანებები მიიღო შუშანა მაცაბერიძემაც, რომელსაც ყელში უჭერდნენ და ასე ცდილობდნენ მის გამოყვანას შენობიდან.
შენობიდან ძალის გამოყენებით, ხელისკვრით გაიყვანეს მარიამ შუშანიაც, რომელსაც მატიაშვილმა ხელი ისეთი ძალით კრა, რომ კარს თავი მიარტყა და ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდიც. აქტივისტები იხსენებენ, რომ პოლიცია მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უყურებდა, თუმცა არ რეაგირებდა.
დაშავდნენ ჟურნალისტებიც - როგორც ტელევიზიის, ასევე ონლაინ მედიის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ მუქარის და ძალადობის სამიზნეები - ტელეფონი დაუმტვრიეს ფორმულას ჟურნალისტსაც.
ძალადობის შემდეგ მატიაშვილი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა - დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.