ბატონო ბიძინა, სანქციების გეშინიათ?! - ივანიშვილმა კითხვებს არ უპასუხა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მთაწმინდაზე, 144-ე საარჩევნო უბანზე მივიდა.
მან მედიასთან განცხადება გააკეთა, თუმცა თავიდანვე თქვა, რომ ის დამატებით კითხვებს არ უპასუხებს.
შესაბამისად უპასუხოდ დარჩა კითხვა, რას ელოდება დღეს საღამოს, აპირებს თუ არა ქვეყნის დატოვებას და ეშინია თუ არა მას სანქციების.
ივანიშვილმა მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამაყია იმით, როგორ ისწავლა საზოგადოებამ “თეთრის და შავის გარჩევა“.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, თავისუფალი არჩევნები, რომელიც განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, სწორედ ასეთი საინტერესო არჩევნებია დღესაც და ძალიან მნიშვნელოვანი. “ოცნებამ“ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელია, რაც “ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც “ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალურად აიღო ხელში ხელისუფლება, ჩვენ მივიღეთ ის წარმატება, რაც გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადეობა მასზე, როგორც წესი, რეაქციას არ აკეთებს. ესაა ყველაზე დიდი მიღწევა, რომ საზოგადოებამ ისწავლა, სწრორი არჩევანის გაკეთება. მაქსიმალურად ორგანიზებულები მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.