შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს
შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების გამო, "ღრმა შეშფოთება" გამოხატა. კერძოდ, თამარ ტალიაშვილის დაბარება "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს უკავშირდება "ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების" შესახებ.
ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, - წერილობით უპასუხა "რადიო თავისუფლების" კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
საელჩოს სპიკერის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა "სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ".
მამუკა მდინარაძის განცხადება
სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს - მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი - ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.