აქციის დაშლის პარალელურად ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისში გამოჩნდა
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისში გამოჩნდა - კადრებში, რომელსაც TV პირველის რედაქცია იღებს, ივანიშვილი კახა კალაძის გვერდით დგას და ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კალაძეს გამარჯვებას ულოცავს.
სამთავრობო არხის დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, „გირჩმა“ 6.8%, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები - 6.5%.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით:
- „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო,
- „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 8.8% ,
- იაგო ხვიჩიამ 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ 3,2%.
რაც შეეხება ცესკ-ოს ინფორმაციას, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ცესკოს ინფორმაციით, უბნებზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგზე ითქვა, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია.
დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოების არჩევნები ჩატარდა. არჩევნები 64 მუნიციპალურ ოლქში გაიმართა.