„მუცლის მეზღაპრე“ - „ოცნებაში“ ალავიძის ბრალდებებს უარყოფენ

06.10.25 15:43
„მუცლის მეზღაპრე“  - „ოცნებაში“ ალავიძის ბრალდებებს უარყოფენ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სკანდალური ჩვენებების "ოცნებაში" არ სჯერათ. საქმე ეხება ბესარიონ ალავიძის განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლე ტყუის და რეალურად, მას უსამართლო განაჩენის გამოტანა სურდა. 

ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ საქმეზე საუბრობს, სადაც სტრასბურგმაც გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომელიც ქართულმა სასამართლომ გამოიტანა, იგივე აბსოლუტურად, ანუ გამოდის, რომ ეს ადამიანი ცდილობდა, არასწორი განაჩენი გამოეტანა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, - ამბობს კალაძე.

ალავიძის მონაყოლს "მეზღაპრეობას" უწოდებს "ოცნების" კიდევ ერთი წერვი ლევან მახაშვილი. მისი თქმით, გამოძიებას დასადგენი აქვს, ნამდვილად არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი, თუ ეს უბრალოდ, პოლიტიკური სპეკულაციაა. 

ჩემთვის, რაღაცა, მუცლის მეზღაპრეს ჰგავს, რაღაც ზღაპრების მოყოლას ჰგავს ეს ნაწილი.  უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს არის საფუძველი გამოძიების დაწყების, თუ ეს არის ცარიელი, პოლიტიკური სპეკულაცია. იმიტომ, რომ სამმა მილიონმა ადამიანმა რომ რაღაც განცხადებები ისროლოს აქეთ-იქით ბუნებრივია, ყველაზე ვერ დაიწყება გამოძიება. როგორც ერთხელ სუსმა გააკეთა განცხადება, ეს არის რარაც თეატრალური წარმოდგენა თუ ნამდვილად შეიძლება, საქმე გვქონდეს კონკრეტულ დანაშაულთან, - ამბობს ლევან მახაშვილი. 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ზეწოლისა და მფარველობის შესახებ სასამართლო სისტემაში, ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ალავიძემ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული სკანდალური ჩვენების შემდეგ გაამჟღავნა ჩანაწერები, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ ანაწილებდნენ გავლენიანი პირები სასამართლო საქმეებს მოსამართლეებს შორის. ყოფილი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ზეწოლა მოწმეებზე, მათ შორის დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილზე, და აცხადებს, რომ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი მის ლიკვიდაციასაც შეეცდება. 

მსგავსი სიახლეები