რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურეს

07.10.25 17:24
რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურეს

რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურეს - დღეს, მანდატურის სამსახურმა სხდომაზე არც ტელეკამერები დაუშვა და არც ჟურნალისტები, მიზეზად კი დარბაზში ადგილების არარსებობა დაასახელა.

როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სხდომის შემდეგ იურისტებმა განმარტეს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პროცესზე ვრცელი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს.

დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვით ისარგებლა ბრალდების მხარემ. 

ძირითადად, პროკურატურა ეყრდნობა რევიზიის დასკვნას, რომლითაც შეფასებული იქნა რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის ქონება და ამ დასკვნაში არის ისეთი ქონებები, რომელიც არ ეკუთვნის არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნაწილი ამ ქონების საერთოდ არის სხვა პიროვნებების", - განაცხადა ადვოკატმა. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის შემდეგი სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. პროკურატურამ საქმე, რომელსაც ექსპერტები „მკვდარ მუხლებს“ უწოდებენ, ხელახლა გააცოცხლა და ყოფილი ვიცე-მინისტრი, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვაში დაადანაშაულა.

გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძე წლების განმავლობაში ფიქტიურად სხვებზე აფორმებდა კომპანიებს, რეალურად კი თავად მართავდა მათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, რის გამოც მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები