რატომ არ ესწრებოდა "ოცნება" სამშვიდობო სამიტს - რას ამბობს კობახიძე

14.10.25 15:42
რატომ არ ესწრებოდა "ოცნება" სამშვიდობო სამიტს - რას ამბობს კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ეგვიპტეში გამართულ სამიტზე "ოცნება" მხოლოდ იმიტომ არ დაპატიჟეს, რომ "მათ არ იომეს". 

"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ეგვიპტეში გამართულ სამშვიდობო ფორუმზე მხოლოდ ამ ერთადერთი ნიშნით მიიწვიეს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთადერთი ნიშნით ესწრებიან მშვიდობის ამ ფორუმს, რომ მათ ერთმანეთში ჰქონდათ ომი. შეგვეძლო ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტს, სადაც 30 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ესწრებოდა და განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არავინ მიიპატიჟეს.

სამიტში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებიც, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ შორის არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთიც.