კაბინეტიდან ვერ ვუყურებ გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ქმედებას - სისტემას ძალოვნები ტოვებენ

21.10.21 16:44
კაბინეტიდან ვერ ვუყურებ გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ქმედებას - სისტემას ძალოვნები ტოვებენ

სისტემას ძალოვნები ტოვებენ - რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო განცხადება გააკეთა სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა და თანამდებობა პირდაპირ ეთერში დატოვა.

რევაზ ლაზიშვილი სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციას გმობს და აცხადებს, რომ ყოფილი ძალოვანების დაწიოკებას გულგრილი, კაბინეტებიდან ვერ შეხედავს: 

მინდა, განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღევანდელმა ფაქტმა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარება, ბავშვების დაწიოკება - აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. უბრალოდ, არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებულ ასეთ ქმედებაზე"- აცხადებს რევაზ ლაზიშვილი. 

შეგახსენებთ, გვიან ღამით, სპეცოპერაციების სერია ჩატარდა სამეგრელოში. პოლიციამ ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. 

ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას, სახლიდანაც. შამახიას იარაღის ტარების უფლება აქვს.