ევროკავშირის სანქციების საფრთხის ფონზე პაპუაშვილი ბრიუსელს ევროპული ღირებულებების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

21.10.25 11:09
ევროკავშირის სანქციების საფრთხის ფონზე პაპუაშვილი ბრიუსელს ევროპული ღირებულებების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელიც "ოცნების" ჩინოვნიკების წინააღმდეგ უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითვალისწინებს, ივანიშვილის გუნდი უმაყოფილოა. ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე დილიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ევროპელ მინისტრებს 4 ოქტომბრის მოვლენების არდაგმობის გამო აკრიტიკებს და მათ დანაშაულის წახალისებაში ადანაშაულებს. 

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ევროკავშირი ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს. 

გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.
მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე, - წერს შალვა პაპუაშვილი. 

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.

ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსსაათიანი მსჯელობის შემდეგ გაკეთდა და აღქმულია როგორც მკაცრი სიგნალი ხელისუფლებისადმი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას აშორებს ევროპულ კურსს, რის გამოც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხე სულ უფრო რეალურია.

ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს პირადად მიმართა წერილობით.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა წერილში აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბოლო პერიოდის მოვლენები, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ევროპულ კურსს ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები