"ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელთან კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს და "მძიმეწონიან აგენტად" მოიხსენიებს

21.10.25 13:34
"ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელთან კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს და "მძიმეწონიან აგენტად" მოიხსენიებს

ბრიუსელში „ქართული ოცნების„ მამხილებელი წერილის გაგზავნის გამო სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პარტიის სამიზნე დღესაც გახდა. ირაკლი კირცხალიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "მძიმეწონიან აგენტად" მოაიხსენია და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. 

"ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები მხოლოდ შანტაჟის იარაღია, რომლისაც არ ეშინიათ. 

ეს ის ადამიანია, ერთ-ერთი საშუალო თუ მძიმე წონიანი აგენტი, თვითონ აწონონ თავის აგენტურულ ბაზარზე, ეს ის არის, რომელიც ბოლოს, მემგონი, ტაივანის ინტერესების გამტარებელ მეორე აგენტთან ერთად ჰელსინკის კომისიაზე ცრუ დასმენით იყო აშშ-ში დაკავებული. სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები რა წერილს მიიწერებიან, ამაზე რა არის გასაკვირი, რომ არაფერს გააკეთებენ და არაფერს მიიწერებიან არსად, არსად არ დაიცავენ თავისი ქვეყნის ინტერესს.

სალომე ზურაბიშვილის, გიგაურის, ლომჯარიას და კიდევ რავი, რამდენი გვარი ჩამოვთვალო, ეს რომ ბრიუსელში რამე გავლენას ახდენს და ზოგადად, ბრიუსელში ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელის და ევროკავშირის საქმე ძალიან კარგად. 

ვერავის შეაშინებენ რაღაც სანქციებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათ ხელში შანტაჟში იარაღი და შანტაჟი არის მათი ბუნებრივი სახე, სამწუხაროდ, - ამბობს კირცხალია. 

ევროკავშირის გადაწყვეტილებას "შანტაჟად" აფასებს "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ლევან მაჭავარიანიც. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ  ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან. 

როგორ შეიძლება, ვთქვა, რომ მივესალმები ან არ მივესალმები, მათი დღის წესრიგია. შესაბამისად, როგორც თავად გადაწყვეტენ, ისე უნდა მოიქცნენ. ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ არანაირი შანტაჟის და წნეხის არ გვეშინია. ჩვენი დასანქცირება იქნება თუ შემდგომი რაღაც შანტაჟი იქნება, ეს ყველაფერი ეფუძნება სპეკულაციურ განცხადებებს, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არანაირი მტკიცებულებები, არანაირი ფაქტები, ჰაერზე რაღაც საუაბრი იმასთან დაკავშირებით, რომ არის დემოკრატიული უკუსვლა. სალომე ზურაბიშვილის ასეთი "მტკიცებულებები" არასერიოზულია, - ამბობს მაჭავარიანი.  

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.

ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსსაათიანი მსჯელობის შემდეგ გაკეთდა და აღქმულია როგორც მკაცრი სიგნალი ხელისუფლებისადმი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას აშორებს ევროპულ კურსს, რის გამოც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხე სულ უფრო რეალურია.

ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს პირადად მიმართა წერილობით.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა წერილში აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბოლო პერიოდის მოვლენები, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ევროპულ კურსს ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები