ელოდება თუ არა ვიზის გაუქმებას კობახიძე?
ელოდება თუ არა ვიზის გაუქმებას ირაკლი კობახიძე? - "ოცნების" პრემიერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ირწმუნება, რომ ეს საკითხი "საინტერესო არ არის".
"ასეთი ირაციონალური გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული, ეს არ არის არავისთვის საინტერესო". - აცხადებს კობახიძე.
"ტვ პირველის" დამაზუსტებელ კითხვაზე - "რატომ არ არის საინტერესო?" კობახიძეს ისევ იგივე პასუხი აქვს - "საერთოდ არ არის ეს საინტერესო, თუ იქნება ირაციონალური გადაწყვეტილება მიღებული ევროპული ბიუროკრატების მხრიდან, ეს ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო".
ყველამ ძალიან კარგად იცის, სად დგას ქართველი ხალხი. ორჯერ ზედიზედ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი და ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატულ ნებას", - განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მოქალაქეებზე სანქციების გავრცელება არ მოიცვა, კობახიძე საკუთარი პოლიტიკის მხარდაჭერად წარმოაჩენს.
მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი უნდა შეეცადონ ურთიერთობის პრაგმატულ გაგრძელებას, რაც, როგორც ის აღნიშნავს, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მინდა, ევროკავშირის წევრ ყველა შესაბამის ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად, რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ, ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. თუ მოხერხდება ევროკავშირის პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.
ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსსაათიანი მსჯელობის შემდეგ გაკეთდა და აღქმულია როგორც მკაცრი სიგნალი ხელისუფლებისადმი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას აშორებს ევროპულ კურსს, რის გამოც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხე სულ უფრო რეალურია.
ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს პირადად მიმართა წერილობით.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა წერილში აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბოლო პერიოდის მოვლენები, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ევროპულ კურსს ემუქრება.